გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება - სპინოზა

გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება - სპინოზა

წინამდებარე ნაკვესი „აბსოლუტის ძიებაში“ მცირე მონაკვეთია მოსე ბელენკის ბიოგრაფიული წიგნიდან სპინოზას შესახებ.   

 

აბსოლუტის ძიებაში

 

ბარუხი დიდი ხანია მეგობრობს სამუელ კაზეროს. პირველად მათ ერთმანეთი „ეც-ხაიმის“ სასწავლებელში გაიცნეს. სამუელი ჩინებული ყმაწვილი იყო, ჭკვიანი და მხიარული. თალმუდის სიბრძნეს ძალზე გულგრილად ეკიდებოდა, იტაცებდა თეატრი, წერდა ლექსებს და პიესებს.

 

ერთხელ სპინოზას სახლში ბარუხის, მირიამის და რებეკას თანდასწრებით სამუელი კითხულობდა თავისი ჩანაფიქრი ტრაგედიის ცალკეულ სცენებს. რა მშვენიერი იყო ის კითხვისას! ყველა გულდასმით უსმენდა, სახე ანთებოდათ და თვალები უბრწყინავდათ, ქალიშვილებს ღაწვებზე ცრემლი ჩამოსდიოდათ. სამუელი თავისი ბავშვობის სურათებს ხატავდა. მაშინ თორმეტი წლისა იყო. ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში ცხოვრობდა. დიდ მოედანზე კოცონზე წვავდნენ ერეტიკოსს. კაზერომ ზუსტი სიტყვებით გამოხატა იმ უბედურის წვალება და თავისი სიძულვილი ინკვიზიციისადმი.

 

კაზეროს ტრაგედიით აღელვებულმა სპინოზამ ფიცი დადო დაუღალავად ებრძოლა ეკლესიის - ამ მონობისა და ჩაგვრის დამცველის, - წინააღმდეგ. მან ხმამაღლა წამოიძახა: „რა შეიძლება იყოს უფრო საშინელი, ვიდრე მტრობის თესვა ადამიანთა შორის და მათი სასიკვდილოდ გაწირვა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მმართველთა აზრებს არ იზიარებენ, არ შეუძლიათ პირმოთნეობა და თავისუფლად აზროვნებენ?! გამოდის, თითქოს ინკვიზიცია არის სათნოების ნიმუში. მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს სიკვდილი ვერ შეაშინებს. ისინი -სახრჩობელაზე ასულნიც არ ამბობენ უარს თავის რწმენაზე და იციან, რომ სიკვდილი თავისუფლებისათვის - უდიდესი პატივი და უმაღლესი სათნოებაა. მათი სიკვდილი მისაბაძი მაგალითია ყველასათვის“.

 

ამ საღამოს ახალგაზრდები დიდხანს საუბრობდნენ სხვადასხვა სარწმუნოებაზე, მათ ურთიერთ მტრობაზე, მეცნიერებაზე და სილამაზეზე. ყოველივეზე, რაც მოწოდებულია გაათავისულოს ადამიანები რელიგიური ბანგისაგან და თესოს სიკეთე.

 

- რად თრგუნავენ თავისუფლებას, რატომაა, რომ ადამიანები ყოველდღიურად ასეთ სიძულვილს იჩენენ ერთმანეთისადმი? - იკითხა რებეკამ.

 

- ბოროტების მიზეზი, -  მიუგო სპინოზამ, - ის არის, რომ მდაბიო ხალხს შთააგონებდნენ საეკლესიო ღვთისმსახურება ღირსების საქმედ ჩაეთვალა, ხალხმა კი იცოდა, საეკლესიო თანამდებობები შემოსავლის წყაროა, ხოლო მღვდლის წოდებას უმაღლესი პატივი აქვს მინიჭებული. ამიტომ ყველა ჯურის არამზადა ისწრაფოდა დაეკავებინა რაიმე სასულიერო თანამდებობა და რელიგიური ქადაგება გაუმაძღრობისა და პატივმოყვარეობის ქადაგებად გადაექცია.

 

სამუელმა მოუხშირა სპინოზას სახლში სტუმრობას. ის გაუმიჯნურდა მირიამს. მირიამმაც შეიყვარა სამუელი, ყოველთვის უხაროდა მისი მოსვლა, სულგანაბული და მდუმარე, ჩასვამდა ხოლმე მამის რბილ სავარძელში და დიდხანს უყურებდა თავისი გიშერივით შავი თვალებით.

 

მირიამის წარმოდგენაში მისი კაზერო იდალგო იყო. ესპანეთსა და პორტუგალიაში ხომ ყველა ებრაელს მაღალი ტიტული აქვს მინიჭებული, - ფიქრობდა ქალიშვილი,

- სხვაგვარად როგორ შეიძლება? ტყუილად ხომ არ იყო, რომ განსხვავებით მათი აღმოსავლელი თანატომელებისაგან, რომელთაც „აშკენაზის“ ეძახიან, მათ სეფარდებს“ უწოდებენ. მართალია, აქ, ჰოლანდიაში, სეფარდებმა დაკარგეს თავიანთი დიდება, მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებიან სხვებისაგან - ნაპატივებნი, მდიდრები, ევროპულად ჩაცმულნი ლამაზ აბრეშუმებში, ტანადნი, ახოვანნი, ისინი ჩინებულად ლაპარაკობენ ესპანურად, მშვენივრად იციან პორტუგალიური და კარგად ფლობენ იტალიურ და ლათინურ ენებსაც.

 

თვითონ იგი, მირიამი არასოდეს არ გახდება აშკენაზის ცოლი, არა, არასოდეს! მადლობა ღმერთს, რომ მირიამი რჩეული ჭეშმარიტი სეფარდების წრეს ეკუთვნის. მირიამი დღეებს ითვლიდა, მოუთმენლად მოელოდა ოდარის თვის (მარტის) ოც რიცხვს. ამ დღეს მას თვრამეტი წელი შეუსრულდება და მაშინ, მამის დაპირების თანახმად, ჯვარს დაიწერს თავის საყვარელ იდალგოზე.

 

მიქოელ სპინოზაც დათანხმდა მირიამს ჯვრისწერას სამუელთან, რადგან კაზეროთა ოჯახი, რომელიც ბევრი ბედუკუღმართობის შემდეგ XVII საუკუნის დასაწყისში ამსტერდამში დასახლდა, ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით; მას ეკუთვნოდა ასიოდე საქსოვი დაზგა, დიდი ლუდსახდელი ქარხანა და რამდენიმე წისქვილი. მამის თანხმობა მირიამის სამუელთან დაქორწინებაზე იმითაც იყო განპირობებული, რომ თვით სამუელი, მიუხედავად თეატრით მისი დროებითი გატაცებისა, ერთი წუთითაც არ ივიწყებდა კაზეროთა მზარდი კაპიტალის კიდევ უფრო გადიდებაზე ზრუნვას. ხოლო მიქოელის აზრით, კაპიტალი ხელოვნებაზე მაღლა იდგა.

 

ბარუხს სათუთად უყვარდა თავისი უმცროსი და, ცოცხალი გონების, გულკეთილი ქალიშვილი. მას შემდეგ, რაც მირიამმა მათი სახლი დატოვა, სპინოზამ მოიწყინა. შინ ხმის გამცემი არავინ ჰყავდა. მამა გართული იყო თავისი პირადი და სათემო საქმეებით, დედინაცვალი ესთერი მძიმე ავადმყოფობით იყო შეპყრობილი - ბარუხის დედასავით ისიც ჭლექით იყო დაავადებული.

 

ბოლო დროს ესთერი ლოგინად ჩავარდა, უფროსი და რებეკა ხან სამზარეულოში ფუსფუსებდა, ხან ავადმყოფ დედინაცვალს უვლიდა.

 

1652 წელს დედინაცვალი გარდაიცვალა. ესთერის სიკვდილი მძიმე ლახვარი იყო ბარუხის მამისათვის და საგრძნობლად შეარყია მისი ჯანმრთელობა. მალე ისიც შეიპყრო მძიმე სენმა. ექიმი პრადა თავგამოდებით მკურნალობდა უფროს სპინოზას, მაგრამ უშედეგოდ. მამის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. 1654 წლის 30 მარტს მიქოელ სპინოზა გარდაიცვალა.

 

მამის სიკვდილის შემდეგ სპინოზას ოჯახში არევ-დარევა დაიწყო. განსვენებულის ქონება სადაო გახდა ბარუხს, მირიამსა და რებეკას შორის.

 

სამუელის ზეგავლენით, რომელმაც დაქორწინების შემდეგ თეატრი და დრამატურგია მიატოვა და ხარბ და გაუმაძღარ ვაჭრად იქცა, მირიამმა ქონების ძირითადი ნაწილი მოითხოვა. რებეკაც, რომელიც თავის უმცროს დასთან დასახლდა, მირიამს უჭერდა მხარს. მოსყიდულმა მოხელეებმა საიდანღაც გამოჩხრიკეს საჭირო მუხლები, რომლის ძალითაც სპინოზას წაართვეს მემკვიდრეობის უფლება.

 

სპინოზა დიდხანს იბრძოდა და ბოლოს, როცა საქმე მოიგო, ნებაყოფლობით დაუთმო მთელი ქონება თავის დებს.

 

- რისთვისღა წვალობდი? ჰკითხეს სპინოზას მეგობრებმა.

 

- იმისათვის, რომ გამერკვია, არსებობს თუ არა კიდევ ჰოლანდიაში სამართლიანობა და მართლმსაჯულება. სიმდიდრე მე არ მჭირდება. მე სულ სხვა მიზნები მაქვს.

 

ამრიგად, საოჯახო დავამ შეუწყო ხელი სპინოზას გადაესინჯა ცხოვრებისეული საწყისები.

 

სპინოზა სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა ენდენის სასწავლებელში, დიდი გულმოდგინებით სწავლობდა ძველ ბერძნულ ფილოსოფიას, რომის ლიტერატურას და მეცნიერებისა და ფილოსოფიის ნოვატორების - ჯორდანო ბრუნოსა და რენე დეკარტეს მოძღვრებას.

 

სპინოზას ეშველებოდა კლარა-მარია. მოწაფის ინტერესები მასწავლებელი ქალის ინტერესებად იქცა. ის დიდი გულმოდგინებით და თრთოლვით ემზადებოდა მეცადინეობისათვის, თავის მოწაფეს თვალწინ უშლიდა ბრწყინვალე სურათებს დიადი თანამედროვეების ცხოვრებიდან. ერთ-ერთ საუბარში კლარა-მარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წმიდა მარიას იმავე მონასტერში, სადაც გალილეიმ 1632 წელს (სწორედ ბარუხის დაბადების წელს, საოცარია, არა?) ჩურჩულით წარმოთქვა თავისი დიდებული, შემდეგ მთელ მსოფლიოში ატაცებული სიტყვები: „Eppur si muove!“ („მაინც ბრუნავს“), ჯორდანო ბრუნომ სამარცხვინო ბოძზე გააკრა პაპობა, როცა მან რომის მღვდელმთავრისაგან მოისმინა სასიკვდილო განაჩენი, ქედმოუხრელმა ნოლანელმა პაპს უთხრა: „თქვენ უფრო გეშინიათ ჩემთვის განაჩენის გამოცხადებისა, ვიდრე მე მისი მოსმენისა“.

 

სპინოზა გატაცებული იყო ბრუნოთი. ჭეშმარიტების ამ რაინდის აზრის გმირობამ აღაფრთოვანა ახალგაზრდა ფილოსოფოსი. ბრუნოს თხზულების „მოზეიმე მხეცის განდევნის“ გავლენით დაწერა სპინოზამ  - განსჯას, სიყვარულსა და გონებას შორის დავის სახით - თავისი მომავალი პირველი წიგნის პირველი გვერდები.

 

ეს იყო მარად ცოცხალი, ყოვლისშემქმნელი, აბსოლუტური და სრულქმნილი ბუნების საზეიმო ჰიმნი. ბუნება სპინოზას ძლიერი, ყოვლისმშთანთქმელი სიყვარულის საგანია. ფილოსოფოსმა გადაწყვიტა მისი კანონების შემეცნებისთვის შეეწირა მთელი თავისი გონება, ენერგია, სიცოცხლე.

 

საუბრის დასაწყისში სიყვარული კითხულობს: „თუ ერთეული ნივთის არსება დამოკიდებულია მეორე ერთეული ნივთის არსებობაზე, არის თუ არა ისეთი არსება, რომელიც სავსებით სრულყოფილია და არაფრით და არავის მიერაა შეზღუდული?“ ამ კითხვაზე განსჯა პასუხობს: „მე ჩემი მხრით ბუნებას განვიხილავ მხოლოდ მის მთლიანობაში, როგორც უსასრულოს და სავსებით, უაღრესად სრულყოფილს, ხოლო თუ შენ ეს გეეჭვება, ჰკითხე გონებას“. და გონება პასუხობს: „აქ ჩემთვის ჭეშმარიტება უეჭველია, ვინაიდან ბუნების შეზღუდვა რომ განვიზრახოთ, ჩვენ უნდა ვცადოთ ეს არარას მეშვეობით, რაც უაზრობაა, თუ გავითვალისწინებთ ბუნების ისეთ თვისებებს, როგორიცაა მისი ერთიანობა, მარადიულობა და თავისთავადი უსასრულობა. ამ უაზრობას ჩვენ გავურბივართ და ვაღიარებთ, რომ ის აბსოლუტურია, ყოვლისშემძლეა და ა.შ. ამრიგად, ბუნება უსასრულოა და ყველაფერი მასშია მოქცეული. მის უარყოფას ჩვენ არარას ვუწოდებთ“.

 

მხოლოდ მას, ვინც დაუღალავად ისწრაფოდა ცრურწმენისაგან ადამიანის განთავისუფლებისაკენ, ვისაც არ ეშინოდა რელიგიური დოგმების სისასტიკისა, დოგმებისა, რომელნიც სისხლის მორევში ახრჩობდნნენ თავისუფალ და მეცნიერულ აზრს, რა წუთსაც ის ქვეყანაზე გამოჩნდებოდა, შეეძლო აშკარად განეცხადებინა, რომ აბსოლუტი მიგნებულია და ამ აბსოლუტის სახელი არის არა ღმერთი, არამედ ბუნება.

 

დაე, ბრაზით იხრჩობოდნენ თეოლოგები, დაე მძვინვარებდნენ ფანატიკოსები, იგი, სპინოზა, არ დაიხევს უკან შეცნობილი ჭეშმარიტებისგან. ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დარჩება თავისი სატრფოს ერთგული.

 

სამუდამოდ დაიმახსოვრა მან ჯორდანო ბრუნოს სიტყვები: „ჩემზე მართებულად იმსჯელებენ იქ, სადაც მეცნიერული გამოკვლევა შეშლილობად არ ითვლება, სადაც ღირსებად არ მიიჩნევენ ხარბ მტაცებლობას (როგორ არ გავიხსენოთ აქ სამუელი და მირიამი), სადაც გაუმაძღრობას არ თვლიან ფუფუნებად, სიმდიდრეს - დიდებად, საკვირველებას - ჭეშმარიტებად, ბოროტებას - კეთილგონიერებად, გამცემლობას - თავაზიანობად, სიცრუეს - სიფრთხილედ, თვალთმაქცობა“.

 

ეს სიტყვები არა მარტო შეიჭრნენ სპინოზას მეხსიერებაში, ისინი გახდნენ მისთვის გზის მანათობელი ვარსკვლავები. modus vivendi- განსაზღვრავდნენ მის ცხოვრებას.

 

სპინოზამ მტკიცედ გადაწყვიტა საბოლოოდ გაეწყვიტა კავშირი იმ გარემოსთან, სადაც სუფევს ცრუმორწმუნეობა, სიყალბე, უგუნურება და სიჩლუნგე და მოენახა საზოგადოება, სადაც მეფობს თავისუფალი აზროვნება, ნათელი გონება, ჭეშმარიტი მეცნიერება და ფილოსოფია.

გაზიარება: